საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე წუხელ სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ხაინდრავამ განაცხადა, პოლიციაში ე.წ. კანონიერ ქურდთან რეზო ლორთქიფანიძესთან მისი ურთიერთობით დაინტერესდნენ.
ხაინდრავას განმარტებით, რეზო ლორთქიფანიძე მისი ბავშვობის მეგობარია და მასთან ურთიერთობა არასოდეს დაუმალავს.
„მე არ დამიმალავს პრესისთვის რომ ვიცნობ რეზო ლორთქიფანიძეს. მინისტრობის დროსაც და მერეც მე ვადასტურებდი, რომ მე და რეზო ერთად გავიზარდეთ, ერთ სახლში, ჩვენი მამები მეგობრობდნენ, ჩვენც მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. შემდეგ მან თავის გზა აირჩია და ამის გამო ხშირად იყო პატიმრობაში“- აღნიშნა ხაინდრავამ და დასძინა რომ რეზო ლორთქიფანიძე ბოლოს მან საფრანგეთში ინახულა.
მისივე თქმით, საფრანგეთში რეზო ლორთქიფანიძე საავადმყოფოში ნახა და მეორე დღესვე საქართველოში დაბრუნდა.
„მე ვიყავი საფრანგეთში კონფერენციაზე, სადაც ჩემი ფილმის განხილვა იყო. მე გამოსვლები მქონდა და ვიცოდი, რომ რეზო საფრანგეთის საავადმყოფოში იწვა, ჩავაკითხე, მოვინახულე, ერთი ღამე დავრჩი იქ და შემდეგ წამოვედი“- აცხადებს ხაინდრავა.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ხაინდრავას მტკიცებით, მათთან არანირი კავშირი არ აქვს და 2008 წლის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა აღარ მიუღია.
მისივე თქმით, არც 2011 წელი გაუტარებია საქართველოში, რადგან რიგაში ცხოვრობდა და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.
„არც დაბრუნების მერე ვეწეოდი პოლიტიკურ საქმიანობას. ვაკეთებდი კინოს და სწორედ ამან გადარია მიხეილ სააკაშვილი, რადგან ჩემი ფილმი „ოცნებების სასაფლაო“ ევროპის ყველა დიდ ქალქაში ნახეს“- განაცხადა ხაინდრავამ.
საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა მასალა, რომელიც მისი თქმით, საფრანგეთის ჟანდარმერიამ მიაწოდა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა. ამის შემდეგ ხაინდრავა დაკითხვაზე დაიბარეს.
