მაშველებმა სტეფანწმინდაში, დაშავებულ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს
მაშველებმა სტეფანწმინდაში, დაშავებულ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს
22:07 01.08.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული შეტყობინების თანახმად, დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15 კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ტურისტი დაგორდა ფერდობიდან და ჩავარდა მდინარეში, რის გამოც ითხოვდნენ სამაშველო ჯგუფის დახმარებას.

შეტყობინების მიღებისთანავე მითითებულ ლოკაციაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდან ფერდობზე დაგორებულ ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

სამაშველო ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტურისტი, ხეობიდან ამოიყვანა და საკაცის საშუალებით, დაახლოებით 5 კილომეტრი მანძილის გავლის შემდეგ საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანა, საიდანაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ დაშავებული გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

დაშავებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ბეჭდვა