იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პლენარულ სხდომაზე წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პლენარულ სხდომაზე წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია
14:40 12.07.2021
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს - გოჩა აბუსერიძეს, გიორგი გოგიაშვილს, ლევან თევზაძეს, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს რეკომენდაცია გაუწია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსადგენად.

კომიტეტმა სამ კანდიდატს - ქეთევან მესხიშვილს, გიორგი შავლიაშვილს და ეკა ზარნაძეს მხარი არ დაუჭირა.

გოჩა აბუსერიძის, ლევან თევზაძის და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა კომიტეტის 11-მა წევრმა. აქედან, 10 ხმა ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, ხოლო ერთი ხმა - ფრაქციას „ევროპელი სოციალისტები".

გიორგი გოგიაშვილის და რევაზ ნადარაიას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა კომიტეტის 10-მა წევრმა. ყველა ხმა ფრაქცია "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს ეკუთვნით.

ბიძინა სტურუას კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების" 10-მა წევრმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა „ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა.

„საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ამიტომ, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების მიღების დროს ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციით და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ბეჭდვა