სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში
წამების, სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის სხვა მეთოდებსაც იყენებდნენ.
ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში, რაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა, ყველა იმ ფაქტის შესწავლა დაიწყო, რომელსაც შესაძლოა, ციხეებში ჰქონოდა ადგილი.
„სამწუხაროდ, გარდა იმ საზარელი კადრებისა, რომელიც ბოლო დღეებში ვიხილეთ, არსებობს ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა წამების, სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის სხვა მეთოდების გამოყენებასაც“ - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული მტკიცებულებებიც უკვე მოპოვებულია. ასევე, სამინისტრო ინფორმირებულია დანაშაულში მონაწილები პირების შესახებ.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ყველა იმ ფირის გავრცელებისგან, რომლებიც ბოლო დღეებში ვნახეთ“ - აღნიშნა ტუღუშმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს მსგავსი ვიდეომასალა გააჩნია, მთავარ პროკურატურას ან სასჯელაღსრულების სამინისტროს მიაწოდოს.
