ბათუმის N3 საპყრობილის მსჯავრდებულები ტელეფონის აპარატების დამონტაჟებას ითხოვენ
ბათუმის N3 საპყრობილის მსჯავრდებულები ტელეფონის აპარატების დამონტაჟებას ითხოვენ
20:17 24.09.2012
სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგი განახორციელეს და ყველა საკანში განთავსებული პატიმარი მოინახულეს.

პატიმართა გადმოცემით, დაწესებულებაში ამჟამად სიმშვიდეა და მათ მიმართ ბოლო დღეების განმავლობაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ან რაიმე სახის ზეწოლას და შეურაცხყოფას, თუნდაც სიტყვიერს, ადგილი არ ჰქონია.

მსჯავრდებულები ტელეფონის აპარატების დამონტაჟებას ითხოვენ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა უკვე რამდენიმე წელია დგას ბათუმის N3 დაწესებულებაში, რაზეც სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდა თავის ანგარიშებში.

მსჯავრდებულებმა ასევე აცნობეს სახალხო დამცველისა და საია–ს წარმომადგენლებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რიგგარეშე პაემნები მიმდინარეობს. მონიტორინგის მომენტისთვის არც-ერთი მსჯავრდებული არ იყო განთავსებული სამარტოო საკანში, საკარანტინე საკანში კი, შეტანილია ახალი ლეიბები.

აღნიშნულ საპყრბილეში 20 სექტემბერს 11 პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც 23 სექტემბრამდე გაგრძელდა. პატიმრების განცხადებით, მათ მითითებული პროტესტის ფორმით წამების მსხვერპლ მსჯავრდებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.


ბეჭდვა