სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას ქსნის N15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლის წინადადებით მიმართა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, 21 სექტემბერს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საგანგებო მონიტორინგი განახორციელა. ჯგუფის წევრები დაწესებულების ყველა ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებს გაესაუბრნენ.
განცხადების თანახმად, ქსნის დაწესებულების ე.წ. „ძველ ზონაში“ განთავსებულმა მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის სახელზე კოლექტიური ახსნა-განმარტება დაწერეს, რომელსაც ხელს 526 მსჯავრდებული აწერს და რომელიც მსჯავრდებულთა მიმართ ქსნის N15 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან წარსულში მუდმივად განხორციელებულ არასათანადო, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას შეეხება.
ახსნა-განმარტებაში ნათქვამია, რომ მათ ნებისმიერი წვრილმანისთვის, ხშირად უმიზეზოდაც სჯიდნენ. დასჯის მიზნით, სამარტოო საკანში გადაყვანის წინ მსჯავრდებული ადმინისტრაციის შენობაში არსებულ სავარჯიშო ოთახში მიყავდათ, სადაც უმოწყალოდ სცემდნენ, გათბობის მილზე ხელბორკილებით აბამდნენ, ზოგჯერ იყენებდნენ ელექტროშოკს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
„დაწესებულებაში ახლად მიღებული მსჯავრდებულების საკნებში განაწილებამდე მათ აბანოში ათავსებდნენ, სადაც ისინი რამდენიმე დღეს ატარებდნენ. იქ მათ მუხლებზე აყენებდნენ, თავს პარსავდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მსჯავრდებულების თქმით, აბანოდან ისინი ადმინისტრაციის შენობაში ან საკანში სათითაოდ გაყავდათ და თანამშრომლობაზე ხელის მოწერას აიძულებდნენ“ - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
აპარატის თანამშრომლების განცხადებით, ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ქსნის N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ნორმალურად ჭამის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. ნებისმიერ ამინდში ყოველდღიური შემოწმების ჩატარებისას მსჯავრდებულებს აიძულებდნენ, საათობით მდგარიყვნენ ეზოში ღია ცის ქვეშ, ხოლო შემოწმების დაწყებას სპეციალურად აგვიანებდნენ, რათა მსჯავრდებულები რაც შეიძლება დიდხანს მდგარიყვნენ წვიმაში ან სიცხეში.
მსჯავრდებულების განცხადებით, მათ ცემაში და სხვა სახის არასათანადო მოპყრობაში დირექტორი შოთა თოლორდავა, დირექტორის მოადგილე ბაჩო რუხაია, გიორგი ფარჯანაძე, მამუკა შალამბერიძე, ლევან ლეჟავა, დიმა ჩხეიძე, ნუკრი კოპალიანი, ვინმე ამბროსი, რაჯი, აკაკი კირკიტაძე, აკაკი მეტსახელად „ჩეპე“, სანდრო, ვიტალი მეტსახელად „ადამიჩი“, რომანი, ჯამბულ ბაირამოვი, ილო, თამაზი მეტსახელად „ჩელენტანო“, ფარნა, ძმები ბადრი და ნუკრი მონაწილეობდნენ. ამასთან, მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სია ამომწურავი არაა, სხვა თანამშრომლების სახელები არ იციან, თუმცა სახეზე ცნობენ.
მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ თითოეული მათგანი მზადაა, გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცეს.
