სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი პროკურორს პატიმარ კიკნაძესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს
სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი პროკურორს პატიმარ კიკნაძესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს
16:39 24.09.2012
სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა, დაიწყოს გამოძიება მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება რუსთავის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძის მიერ ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპრატის ცნობით, 22 სექტემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს რუსთავის N6 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს გოდერძი კიკნაძეს.

მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული საუბრობს N6 დაწესებულებაში მის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის თაობაზე.

გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო, ხოლო დღეისთვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ჩვენებას მისცემს.

სახალხო დამცველის აპარტის ინფორმაციით, მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს დაზიანებები აღენიშნებოდა. 21 სექტემბერს, მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის სამედიცინო ბარათში ნევროპათოლოგის ჩანაწერის მიხედვით, მას თავის ტვინის მსუბუქი ხარისხის შერყევა აღენიშნება.

სახალხო დამცველის აპარატმა მის ხელთ არსებული მასალა მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

ბეჭდვა