თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ივერი გოგბერაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მას ბრალად ედებოდა მოქალაქე ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
საქმის მასალების მიხედვით, 2010 წლის 15 მარტს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი საქმის გარჩევის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს.
აღნიშნულ საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად ზურაბ ტარყაშვილი დააკავეს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2011 წლის 4 ოქტომბერს გათავისუფლდა. გარდაცვლილი სანდრო გოგბერაშვილის მამამ - ივერი გოგბერაშვილმა განიზრახა შური ეძია და ზურაბ ტარყაშვილი მოეკლა. ამ მიზნით, იგი დაუკავშირდა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს ირაკლი აგლაძეს და დავით რუსიშვილს. მიზნის განსახორციელებლად, მათ უკანონოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
2011 წლის 17 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ტარყაშვილი პრობაციის ბიუროდან მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან, რის შესახებაც რუსიშვილმა დაუყოვნებლივ აცნობა ივერი გოგბერაშვილს. მალევე დათქმულ ადგილას მივიდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც. ტარყაშვილის დანახვისთანავე, მათ განზრახ მოკვლის მიზნით, მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გაისროლეს, რის გამოც ტარყაშვილი რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიქცა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსიშვილი, გოგბერაშვილი და აგლაძე, მას სროლით გაეკიდნენ, რითაც რუსთაველის გამზირზე მყოფ მრავალ პირს, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეუქმნეს.
გაქცევის დროს ავტომობილების სავალ გზაზე წაქცეულ ტარყაშვილს, რუსიშვილი და აგლაძე დაეწივნენ, თავდაპირველად მათ რამდენჯერმე ესროლეს ტარყაშვილს, ხოლო შემდგომი საკონტროლო გასროლები ივერი გოგბერაშვილმა განახორციელა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ თანამზრახველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ტარყაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დავით რუსიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობით განიხილა.
2012 წლის 14 ივნისს თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღო და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნო ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
საქალაქო სასამართლოს ცნობით, მიმალვაში მყოფი ივერი გოგბერაშვილი დააკავეს და მისი უკრაინიდან ექსტრადაციაც მოხდა.
მათივე იფორმაციით, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა.
ღია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ივერი გოგბერაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება და მას სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრების პრინციპით, საბოლოოდ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვა.
