პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია სამი პირი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია სამი პირი
11:11 15.06.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ასევე დააკავა 1987 წელს დაბადებული კ.გ. რომელიც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის არის ბრალდებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ. და გ.წ. მიმდინარე წლის 10 ივნისს ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს და დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებული კ.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნივთების დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.


ბეჭდვა