შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნოდ პოლიციელების მოსყიდვის მცდელობის ფაქტების შესახებ რამდენიმე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.
სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს სამი ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლებშიც სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიგურირებენ.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ჩანაწერში, კოალიციის წარმომადგენელი პოლიციის თანამშრომელს 7 500 ლარს სთავაზობს, რათა 29 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ მანიფესტაციაზე სიტყვით გამოვიდეს და თქვას, თითქოს ის პროტესტის ნიშნად, პოლიციის რიგებს ტოვებს და „ქართულო ოცნებას“ უერთდება.
ამავე დროს, კოალიციის წარმომადგენელი პოლიციელს არიგებს, რომ მან სიტყვით გამოსვლისას, ასევე, უნდა დააფიქსიროს, რომ მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე ცემისა და ზეწოლის დავალებები ჰქონდა მიღებული. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ აღნიშნული პიროვნება პოლიციელს მობილურ ტელეფონს გადასცემს და ვიდეოკამერით პოლიციაში რომელიმე დაკავებულ პირზე ზეწოლის ფაქტის დაფიქსირებას სთხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პიროვნება პოლიციაში არ აღმოჩნდა, კოალიციის წარმომადგენელი, პოლიციელს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის გამოყენებას ურჩევს. აღნიშნული დავალების შესრულებაში კი, პოლიციელს 50 000 აშშ დოლარი გადაეცემოდა.
„ქართული ოცნების“ წევრი ვიდეოჩანაწერში პოლიციის თანამშრომელს ასევე, რომელიმე ოფიცრის ცემის ფაქტის გადაღებას და სანაცვლოდ, 50 ათასი აშშ დოლარის გადაცემას სთავაზობს. ამ შემთხვევაში, მოსამართლეს კამერის წინ უნდა დაეფიქსირებინა, რომ პროკურატურიდან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და უკანონო განაჩენებიც სწორედ ამიტომ გამოჰქონდა.
აღნიშნული კადრები, კოალიციის წარმომადგენლის თქმით, 100 ათას დოლარიანია. მოსამართლეს კი, ცალკე თანხას გადაუხდიდნენ.
ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პოლიციელს ასევე, მის „შეფ“ ალეკო ტაბატაძესთან შეხვედრას ჰპირდება.
შსს-მ საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტების გამო, გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე დააკავა. მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 ათასი აშშ დოლარი.
სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს.
„იმის გამო, რომ მოსყიდვის ერთ-ერთ საქმეში პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე ფიგურირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის მასალას შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცემს“ - აღნიშნავენ სამინისტროში.
