სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:41 11.06.2021
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი, სისტემატურად უწევდა მფარველობას ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად გადაადგილებას და სანაცვლოდ თითოეულ ტრანსპორტირებაში ქრთამის სახით იღებდა 300 ლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ბეჭდვა