სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს აგრძელებს
სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს აგრძელებს
11:44 24.09.2012
უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგს, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დღეების განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა არაერთხელ მოინახულეს გლდანის N8, ქუთაისის N2, ბათუმის N3, ზუგდიდის N4, გეგუთის N14, რუსთავის N17, რუსთავის N16, ქსნის N15, რუსთავის N6, ქალთა N5, თბილისის N1 დაწესებულებები. ასევე, ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გლდანის N8 დაწესებულებას, სადაც განხორციელდა არაერთი ვიზიტი და მოვინახულეთ პატიმართა დიდი ნაწილი. მათი განმარტებით, ბოლო დღეებში რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. 22 სექტემბერს სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობამ პატიმრებისთვის ლეიბების დარიგება დაიწყო. N8 დაწესებულებაში პატიმართა მცირე ნაწილი შიმშილობდა და პროტესტს გამოთქვამდა მათ მიმართ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით და სოლიდარობას უცხადებდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ პატიმრებს.

ამავე მიზეზით, უკანასკნელ დღეებში პატიმართა 11 კაციანი ჯგუფი შიმშილობდა ბათუმის N3 დაწესებულებაში. ანალოგიური მიზეზით, მსჯავრდებულთა გარკვეულმა ნაწილმა გამოაცხადა შიმშილობა რუსთავის N17 დაწესებულებაში, თუმცა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ზომა არ უკავშირდება მათ მიმართ მოპყრობას, არ არის მიმართული N17 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების წინააღმდეგ და არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული მსჯავრდებულთა მცირე ნაწილს ქსნის N15 და რუსთავის N6 დაწესებულებებში.

„წარსულში მომხდარ არასათანადო მოპყრობის მნიშვნელოვან ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება პატიმრებმა ყველა ზემოაღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაზეც სახალხო დამცველის რწმუნებულებს გადასცეს კოლექტიური განცხადება-საჩივრები შესაბამისი რეაგირებისთვის. სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ იწყებს მიღებული განცხადებების შესწავლას. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოაღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პატიმრები მიუთითებენ მათ მიმართ მოპყრობის მკვეთრ გაუმჯობესებაზე ბოლო დღეების განმავლობაში და გამოთქვამენ კმაყოფილებას ამასთან დაკავშრებით, თუმცა, ამავდროულად ითხოვენ წარსულში განვითარებულ მოვლენებზე დამნაშავე პირების დასჯას. აუცილებლად ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები ინარჩუნებენ სიმშვიდეს, რაიმე ინციდენტს ადმინისტრაციასთან ან ერთმანეთში ადგილი არ ჰქონია. ყველა დაწესებულებაში ვითარება ამ დროისთვის არის ნორმალური, ექვემდებარება კონტროლს და დაწესებულებები ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ რაიმე სახის დამატებით შეზღუდვას და აკრძალვას ბოლო დღეებში სასჯელაღსრულების არც-ერთ დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

N8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის და მათი ოჯახებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უკანასკნელ დღეებში 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს პაემნები ოჯახის წევრებთან. ასევე, პატიმართა დიდ ნაწილს ჰქონდა საშუალება ტელეფონით დაკავშრებოდა ოჯახებს და შეეტყობინებინა თავისი მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატი შეუჩერებლად განაგრძობს საგანგებო მონიტორინგს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მონიტორინგი თბილისის N1, გლდანის N8 და რუსთავის N6 დაწესებულებებში.

ბეჭდვა