კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი ანზორ ფანჩულიძე შეუერთდა.
იგი დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ფანჩულიძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი გუშინ დაწერა და მისი შემთხვევა პოლიციის პოლიტიზებულობის ნათელი მაგალითია.
როგორც თავად ფანჩულიძემ განაცხადა, საპატრულო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელობისაგნ მითითება ჰქონდა, მზადყოფნაში ყოფილიყო, რათა ის აქცია დაერბია, რომელზეც მომიტინგეებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ძალადობას აპროტესტებდენ.
ანზორ ფანჩულიძის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმი მუდმივ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო, რათა მითითების შემთხვევაში აქცია დაუყოვნებლივ დაერბია. მისივე განმარტებით, აქციის დარბევაზე ბრძანების გაცემა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ წარიმართებოდა სიტუაცია და რამდენად დაიძაბებოდა ვითარება.
„ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი და წამოსვლა გადავწყვიტე“- განაცხადა სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ოფიცერმა და დასძინა, რომ პატაკის დაწერის დროს ხელმძღვანელობისგან მუქარა ისმოდა.
მისივე ინფორმაციით, მას დირექტორი დაემუქრა, რომ თუკი საპატრულო პოლიციის შიდა ინფორმაციას საჯაროს გახდიდა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მიზნით დააპატიმრებდნენ.
„ხელმძღვანელობის მხრიდან ასევე იყო მუქარა, რომ თუ მოპირდაპირე მხარეს, „ქართულ ოცნებაში“ აღმოვჩნდებოდი, გამისწორდებოდნენ“- აღნიშნა მან.
ფანჩულიძის თქმით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, საპატრულო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა და მზადყოფნაში იყო ბრძანების გაცემის შემთხვევაში აქცია დაერბია.
მისივე ინფორმაციით, ბევრ მის ყოფილ თანამშრომელს აქვს სამსახურის დატოვების სურვილი, თუმცა, ამას ვერ ბედავენ.
„საპატრულოში ხელმძღვანელობის მხრიდან არ არის დაფასება. ვიცი, რომ ბევრს აქვს იქედან წამოსვლის სურვილი და იმედი მაქვს, შემომიერთდებიან“- განაცხადა ფანჩულიძემ.
