შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს
შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს
16:26 23.09.2012
შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტარიელ გურგენიძე დააკავეს. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გურგენიძე პოლიეციელის  კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული. 

„ტარიელ გურგენიძე ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს. ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ტარიელ გურგენიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, არ დაემორჩილა და გაუწია წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება“ - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად, გურგენიძე სასამართლოშია გადაყვანილი.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, სოფელ შინდისში დაკავებულია ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაეყენათ. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს, რომელსაც საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შენახული ტყვია-წამალი აღმოაჩნდა. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236 -ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბეჭდვა