სახალხო დამცველის აპარატი შსს-ს დაკავებული ოთხი ახალგაზრდის ადგილსამყოფელის გასაჯაროებას სთხოვს
სახალხო დამცველის აპარატი შსს-ს დაკავებული ოთხი ახალგაზრდის ადგილსამყოფელის გასაჯაროებას სთხოვს
19:49 22.09.2012
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული ოთხი ახალგაზრდის ადგილსამყოფელის  შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ლაშა მესხია, დავით ფაცაცია, შოთა ბაზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა დააკავა.

აპარატის წარმომადგენლების განცხადებით, ოთხივე დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

„დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით, დღეს სახალხო დამცველის რწმუნებული შსს-ს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პირები იზოლატორში არ შეუყვანიათ“ - აცხადებენ აპარატის წარმომადგენლები.

ისინი დაკავებულთა ადგილსამყოფელის გასაჯაროებას ითხოვენ, რათა მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შემოწმება დროულად გახდეს შესაძლებელი.

იუსტიციის სახლის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს გუშინ დაკავებულ ოთხ პირს, სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ, ლაშა მესხიასა და დავით ფაცაციას 40 დღიანი, შოთა ბაზერაშვილსა და კონსტანტინე ლაბარტყავას კი 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული პირები თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ბრალდებით დააკავა. კერძოდ, მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.

ბეჭდვა