არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან, თბილისსა და რუსთავში ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ახალგაზრდა მხარდამჭერების დაკავება ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების გონივრულ ეჭვს ასაბუთებს.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, ახალგაზრდების დაკავება საპარლამენტო არჩევნების დღემდე საზოგადოების მღელვარებას, ქუჩაში მასობრივ გამოსვლას ემსახურება და არჩევნების ჩატარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
მათი განცხადებით, სასამართლოს მხრიდან დაკავებული ახალგაზრდების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების პირობებს არ ემსახურება და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს არ პასუხობს.
ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლომ საზოგადოებრივი ინტერესით უნდა იხელმძღვანელოს და იმ შემთხვევაში, თუკი რეალურ სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე, რომლის სიმძიმეც და ხარისხიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ იწვევს, დაკავებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმის სახით უნდა გამოიყენოს, რაც სასამართლო დარბაზიდან სავარაუდო სამართალდამრღვევთა გათავისუფლებას გულისხმობს.
„ვფიქრობთ, რომ სასამართლო ამ ფორმით, ერთი მხრივ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში საზოგადოებრივ მშვიდობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, მისი გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე იქნება მიღებული“ - აცხადებენ ადვოკატები.
იუსტიციის სახლის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს გუშინ დაკავებულ ოთხ პირს, სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ, ლაშა მესხიასა და დავით ფაცაციას 40-დღიანი, შოთა ბაზერაშვილსა და კონსტანტინე ლაბარტყავას კი 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული პირები თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ბრალდებით დააკავა. მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.
რაც შეეხება რუსთავში „ქართული ოცნების“ ოთხი მხარდამჭერის დაკავებას, ისინი წუხელ გვიან ღამით დააკავეს. ისინი „ქართული ოცნების“ პლაკატებს აკრავდნენ. მათი დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია.
