პატიმარ გოდერძი კიკნაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ისევ ნაცემია
პატიმარ გოდერძი კიკნაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ისევ ნაცემია
13:38 22.09.2012
რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარის გოდერძი კიკნაძის დედა მერი კიკნაძე აცხადებს, რომ მისი შვილი ისევ ნაცემია.

როგორც „ნიუსპრესს“ პატიმრის დედამ განუცხადა, შვილი მან დღეს მოინახულა.

„ჩემი შვილი გუშინაც და დღესაც უცემიათ. მისი სიცოცხლე საფრთხეშია“ - განაცხადა პატიმრის დედამ.

გოდერძი კიკნაძის ადვოკატის ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, პატიმარი გოდერძი კიკნაძე რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 19 სექტემბერსაც სცემეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ გოდერძი კიკნაძეს 13 წლის წინ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და შემდგომში ამ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე პატიმრის მკვლელობას ეხება, რაშიც ბრალი იმ დროისთვის სრულიად სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს წაუყენეს.

პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და აღნიშნულ დანაშაულთან კავშირი ყოფილ შს მინისტრ ბაჩო ახალაიას აქვს.

„ჩემი შვილი დიდი ხანი დუმდა, რადგან სიმართლე რომ ეთქვა, ეშინოდა, მოკლავდნენ. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, რადგან როგორც თვითონ ამბობს, სამუდამო პატიმრობას ისევ სიკვდილი ურჩევნია. ძალიან მეშინია. ერთადერთი შვილი მყავს და იმასაც მიკლავენ“ - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას პატიმრის დედამ.

ბეჭდვა