„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმარი პეტრე ოვანოვი უგზო-უკვლოდაა გამქრალი.
ამის შესახებ მოძრაობის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გუშინ „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ ამოქმედებულ ცხელ ხაზზე პატიმრების ახლობლებისგან და პატიმრებისგან მიიღო.
გაბუნიას განცხადებით, პატიმრები აკონკრეტებენ, რომ პეტრე ოვანოვი ციხიდან დაახლოებით, ერთი თვის წინ გაქრა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.
„თავად პატიმრები ოვანოვის წამებისა და გაუპატიურების ფაქტებს განიხილავენ. ეს პირველი შემთხვევაა, რადგან პატიმრის დაწესებულებიდან გაქრობა ჯერ არავის დაუფიქსირებია, რაც აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ის აღნიშნულ ინფორმაციას დღეს სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს გიორგი ტუღუშს მიაწვდის, რომლისგანაც ადეკვატურ რეაგირებას ელის.
რამდენიმე თვის წინ, პეტრე ოვანოვის მეგობარმა და ყოფილმა პატიმარმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ადვოკატ ეკა ბესელიას, საადვოკატო ბიუროში ოვანოვის ხელნაწერი მიუტანა.
წერილში ოვანოვი ქსნის მე-15-ე დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ, მორალურ ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. კონკრეტულად კი, წერილის თანახმად, ოვანოვის თქმით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა ის გააუპატიურეს, სასტიკად სცემეს და დაემუქრნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა, მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდებოდა. მსჯავრდებული წერილში დახმარებას ითხოვდა.
