შინაგან საქმეთა სამინისტროში აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ათონელის ქუჩაზე ერთი პირი პოლიციამ მართლაც დააკავა, თუმცა, მას აქციის მონაწილეებთან არავითარი შეხება არ ჰქონდა.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქე გვარად ინასარიძე ნასვამი იყო და ათონელის ქუჩაზე მეზობლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
„იმის გამო, რომ მეზობლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, იგი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. არც აქციასთან და არც იუსტიციის სახლთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია“- განუცხადეს „ნიუსპრესს“ შსს-ს პრესსამსახურში.
იუსტიციის სახლთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როცა აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა გადაწყვიტეს.
პოლიციამ მათ იუსტიციის სახლთან მიახლოების საშუალება არ მისცა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მან დაინახა, როგორ ჩასვეს სამართალდამცავებმა ორი ახალგაზრდა მანქანაში და წაიყვანეს.
