„სამართლიანი არჩევნები“ და საია „ქართული ოცნების” მიერ ზუგდიდში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან
„სამართლიანი არჩევნები“ და საია „ქართული ოცნების” მიერ ზუგდიდში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან
20:53 21.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ ზუგდიდში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 22 სექტემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

„სამართლიანი არჩევნები” და საია იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

„ქართული ოცნების“ აქცია ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ხვალ 16:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა