მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას ადვოკატი ლექსო არქანია ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის წამებაში უშუალოდ მონაწილეობდა.
როგორც ლექსო არქანიამ გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნიუსპრესს“ განუცხადა, მალხაზ არქანიამ ექვს გვერდიანი წერილი დაწერა, სადაც ის მოძალადე პირებსა და ძალადობაზე საუბრობს.
„მალხაზ არქანია წერილში ასახელებს ლაშა ყოლბაიას, მეგის ქარდავას, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც მაშინ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი იყო. ეს ადამიანები რამდენიმე პირთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდნენ მის წამებაში“ - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ პატიმარი მან დღეს ნახა და დღეისათვის ის ნაცემი არ არის.
მისი თქმით, არქანია მზადაა მასზე ძალადობაში მონაწილე ექვსივე პირი დაასახელოს.
გალის რაიონის მკვიდრი მალხაზ არქანია სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე 2011 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობის ნარკოტიკების შენახვა-მოხმარება წაუყენეს და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
