შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას ქვეყნიდან გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც ხიზანიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ახალაია საქართველოში იმყოფება.
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია“ - განაცხადა ხიზანიშვილმა.
მინისტრის მოადგილე ასევე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაჩო ახალაიას დასაკავებლად სპეცოპერაცია იგეგმება.
„რას ნიშნავს დაკავება, სისხლის სამართლის რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი?! სისულელეა. დაზუსტებით, 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია ჭორი და სისულელეა“ - განაცხადა ხიზანიშვილმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ყოფილმა შს მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ქვეყანა დატოვა დღეს გავრცელდა. ასევე, დღეს გავრცელდა ახალაიას დასაკავებლად დანიშნული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციაც, რომელიც ოფიციალური სტრუქტურებიდან არ დადასტურდა.
