საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები ქვეყანაში საპროტესტო განწყობას უერთდებიან და მიმდინარე მოვლენებს ყველაზე საშინელს და ამაზრზენს უწოდებენ.
ამის შესახებ პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა განცხადება ფონდ „ქომაგის“ ოფისში გააკეთეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ შს მინისტრად სავარაუდოდ, ეკა ზღულაძე ინიშნება.
„როდესაც ჩვენ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ პატაკები მოტყუებით დაგვაწერინეს და პოლიტიკური ნიშნით 50-ზე მეტი თანამშრომელი გაგვათავისუფლეს, ზღულაძე ჩვენთან შეხვედრით არც კი დაინტერესდა, ხოლო პრესკონფერენციაზე უტიფრად, ცინიკურად განაცხადა, თითქოს როტაცია მიმდინარეობდა და ჩვენ როტაციაში მონაწილეობაზე პოლიტიკური მოტივით უარი განვაცხადეთ“- აცხადებენ საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები.
მათივე თქმით, ისინი დღევანდელი დუხჭირი ცხოვრებიდან გამომდინარე, მუშაობის გაგრძელებაზე არანაირი ლოგიკით არ იტყოდნენ უარს.
როგორც ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, ეკა ზღულაძე იმ პირების მფარველია, რომლებიც მათ დათხოვნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ, რაც ყოფილი თანამშრომლების მხრიდან განსხვავებული აზრის არაერთხელ დაფიქსირებასთან იყო დაკავშირებული.
„ეს პირები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი გრიგალაშვილი, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კოტე დიღმელაშვილი და მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზურაბ უკლებაა“- განაცხადეს მათ.
ყოფილი თანამშრომლები აქვე აცხადებენ, რომ დასახელებულმა პირებმა ისინი ქვეყნის მტრებად გამოაცხადეს. ასევე, მათ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყავთ მთლიანად საპატრულო პოლიციის პირადი შემადგენლობა, რომლებიც იმ სიმართლეს აღიარებენ, რაც ქვეყანაში არსებობს.
„მივმართავთ მათ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, რამეთუ ისინი ქვეყანას და ხალხს უნდა ემსახურონ და არა რომელიმე სახელისუფლებო პარტიას. ასევე, მოვითხოვთ, ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ“ - განაცხადეს საპატრულო პოლიციის ყოფილმა წარმომადგენლებმა.
