ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას თამაზაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა არ გამოუვიდა
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას თამაზაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა არ გამოუვიდა
12:57 21.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა არ გამოუვიდა.

როგორც დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებული ბრალდებები ცილისწამებაა.

მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობა, რომ თამაზაშვილი მკვლელად, ნარკომანად და დამნაშავედ წარმოეჩინა, უშედეგო აღმოჩნდა.

ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებული უტყუარი მასალებიდან კარგად ჩანს, რომ მათი დაკვეთა ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან ხდებოდა.

„არ მოიძებნება საზოგადოებაში ადამიანი, ვისაც ჩემი სიმამრის პატიოსნებაში ეჭვი ეპარება. სააკაშვილს პირადი მძევალი ჰყავს და ის თამაზ თამაზაშვილია. მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, რომელიც პასუხიმგებელია ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა, ბედავს ასე მოიხსენიოს ჩემი სიმამრი“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ სააკაშვილის პირად პატიმარს ციხეში ბრძანებების გაცემის და გაუგონარი ქმედებების ჩადენა შეძლებოდა.

„თამაზ თამაზაშვილი უდანაშაულოა და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ. დარწმუნებული ვარ, რომ თამაზაშვილი დღევანდელი კრიმინალი ხელისუფლების ბოლო მსხვერპლი იქნება“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ეჭვობს, რომ თამაზ თამაზაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე ემუქრება, რაშიც სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.





ბეჭდვა