საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ზღულაძის განცხადებით, მისი უწყება იქნება გარანტორი
იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ.
ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ზღულაძემ შსს-ში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები საზოგადოებაში დიდი ნდობით სარგებლობენ.
„ეს სამინისტრო აშენდა, რათა ემსახუროს ქართველ ერს, აღმოფხვრას ძალადობა, კორუფცია, უკანონობა, დანაშაული, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ჩვენ შევძელით არა მარტო კორუფციის დაძლევა, არამედ ძალადობის და წამების რუტინული პრაქტიკის აღმოფხვრა პოლიციაში“-აცხადებს ზღულაძე.
მისივე თქმით, ციხეში მომხდარი საზარელი დანაშაულის საპასუხოდ ის პირადად უზრუნველყოფს, რომ საპატრულო პოლიცია სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის გიორგი ტუღუშის სრულ განკარგულებაში იყოს და ციხეში სისატიკის აღმოფხვრაში დაეხმაროს.
ზღულაძე აცხადებს, რომ საქართველოში იყო დრო, როდესაც ყველა სახელმწიფო უწყება ციხესავით დახურული იყო და ორგანიზებული დანაშაული საზოგადოებრივ ცხოვრებას ანგრევდა, თუმცა, ეს დრო დამთავრდა და უკან აღარ დაბრუნდება.
