„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ტუღუშის დანიშვნას დადებითად აფასებს
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ტუღუშის დანიშვნას დადებითად აფასებს
20:55 20.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წევრები მიიჩნევენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად  ახალი მინისტრის გიორგი ტუღუშის გამოცდილების გაზიარებაა საჭირო.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, გიორგი ტუღუში დადებითი რეპუტაციის მქონე პიროვნებაა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ტუღუში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს.

„ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება მთელი რიგი რეფორმების გასატარებლად, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას საპატიმრო დაწესებულებებში“ - აცხადებენ „42-ე მუხლის“ წარმომადგენლები.

ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, დადგეს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

მათივე განცხადებით, ყველა დანაშაულებრივი ფაქტი უნდა იქნეს ობიექტურად გამოძიებული, ხოლო ყველა იმ პირმა, რომელიც წლების განმავლობაში დანაშაულს ჩადიოდა, პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე.

გარდა ამისა, პატიმართა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს განახორციელოს მონიტორინგი საპატიმრო დაწესებულებებში.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მზადყოფნას გამოხატავს, აქტიურად ჩაერთოს პენიტენციალური სისტემის რეფორმირების პროცესში და საპატიმრო დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღოს.

ბეჭდვა