ელენე თევდორაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ციხეებში სიტუაციაზე რეაგირების პოლიტიკური ნება არ ჰქონდა
ელენე თევდორაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ციხეებში სიტუაციაზე რეაგირების პოლიტიკური ნება არ ჰქონდა
19:52 20.09.2012
შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებადამცველი ელენე თევდორაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში არ იყო პოლიტიკური  ნება იმისა, რომ სახალხო დამცველების მიერ ციხეებში დაფიქსირებულ დარღვევებზე სათანადო რეაგირება მომხდარიყო.

„სამწუხაროდ, რეაგირება ძალიან გვიან მოხდა. ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ყველას. მე ყველა საჭირო უწყებას ვაწვდიდი იმ ინფორმაციას, რაც ციხეებიდან მქონდა. ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ, მეც შემეძლო მეტი გამეკეთებინა“ - აღნიშნა თევდორაძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ის, რაც ვიდეომასალაში საზოგადოებამ იხილა, მხეცობაა.

„როდესაც ციხეებში დავდიოდი, ძალიან ბევრი მძიმე ფაქტი მინახავს, წერილებს გავცნობივარ, მინახავს ნაცემი პატიმრები, ისიც მახსოვს, რომ ერთ-ერთ პატიმარს ჩვენების მისაღებად მდუღარე წყალი გადაასხეს, მაგრამ ის რაც ვნახე ჩემთვის გამაოგნებელი იყო და იმ პერიოდში მსგავსი რამ არ გამიგია და არც ერთ პატიმარს არ უთქვამს“ - განაცხადა თევდორაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ის პარლამენტიდან წავიდა, მისი ფუნქციები როგორც უფლებადამცველის, არავისთვის გადაუციათ და ის კონტროლი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტიდან ხორციელდებოდა, სასჯელაღსრულების სისტემას მოაკლდა.

„მე პარლამენტის თავმჯდომარეებისგან - ზურაბ ჟვანისგან და ნინო ბურჯანაძისგან მქონდა გადმოცემული უფლება ნებისმიერ დროს თავისუფლად შევსულიყავი ციხეებში“ - განაცხადა თევდორაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინაც მისი კომიტეტის რეზოლუციებსა და დასკვნებს ხელისუფლება არასდროს იზიარებდა.

ბეჭდვა