საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის
ძალიან კარგი მტკიცებულებაა, რასაც სასამართლო შესაბამისი საქმეების განხილვისას მხედველობაში მიიღებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში არაერთი საქმე აქვს წარდგენილი, მათ შორის პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
მუხაშავრიას სტრასბურგში მოგებული აქვს გახმაურებული საქმე „რამიშვილი-კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ“.
„რა თქმა უნდა, ეს მოვლენები გავლენას იქონიებს ევროპის სასამართლოზე. ისინი მედიის მასალებს ძალიან დიდი ყურაღებით ეცნობიან და ამ მასალასაც ძალიან სერიოზულად მიიღებენ და განიხილავენ“ - განაცხადა მუხაშავრიამ.
მისი თქმით, ყველა იმ შემთხვევაში, რომელსაც შეხება ექნება საპყრობილეში არსებულ პირობებსა და მოპყრობის ფაქტებთან, გავრცელებული ვიდეომასალა მხედველობაში იქნება მიღებული, რადგან იგი იმის დამადასტურებელია, რასაც მომჩივანი მხარე აღწერს ხოლმე.
