სახალხო დამცველის აპარატი ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლას უარყოფს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის შესახებ ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა.
აპარატის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმი არ შესულა და დაწესებულებაში სიმშვიდეა.
„მთელი დღის განმავლობაში ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში დესტაბილიზაციის, გარდაცვლილი და ნაცემი პატიმრების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს. ამჟამად ყველა დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა“ - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება რომელიმე დაწესებულებაში არეულობა გამოიწვიოს და პირველ რიგში პატიმრების ინტერესებს ზიანი მიაყენოს.
სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს მოუწოდებს, პატიმრის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ან სხვა სახის უფლებადარღვევის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე: 223 44 99 დააფიქსირონ.
