სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ
აღნიშნული შეთავაზება მისთვის სრულიად მოულოდენელი იყო.
როგორც ტუღუშმა მინისტრად წარდგენისას აღნიშნა, მისთვის მტკივნეულია სახალხო დამცველის აპარატის დატოვება. მისივე თქმით, მან ამ თანამდებობაზე ბევრი რამ გააკეთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ბევრი პრობლემა ასახა, თუმცა, მათი გამოსწორების კომპეტენცია მას არ ჰქონდა.
„ერთადერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ მე ამ შემოთავაზებას დავთანხმდი, ისაა, რომ ამით მომეცემა საშუალება სისტემაში ცვლილებები შევიტანო და უზრუნველვყო თითოეული თავისუფლებაღკვეთილი პირის უფლებების ჯეროვანი დაცვა“-აღნიშნა ტუღუშმა.
მისი თქმით, ეს მისთვის დიდი გამოწვევაა, ვინაიდან სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ამ თანამდებობის პირობებში კი - შესაძლებლობა ექნება, მასში გარდატეხა შეიტანოს.
მისივე თქმით, პატიმრების პრობლემები მინიმუმამდე დავა.
ტუღუშის შეფასებით, ციხეებში პრობლემა არა მხოლოდ პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა, არამედ ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაა.
„პირველ რიგში, ძირეულად აღმოვფხვრი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. საუბარი მაქვს არა არასათანადო მოპყრობაზე, არამედ შედარებით მსუბუქი ტიპის დარღვევებზე. ეტაპობრივად დავიწყებ ყველა პრობლემის მოგვარებას“-აღნიშნა მან და დასძინა, სისტემა მთლიანად რეფორმას დაექვემდებარება.
მისივე განმარტებით, მისი პრიორიტეტი სისტემის გადახალისება, პატიმრების უფლებების დაცვა და არასამთავრობო სექტორთან და უფლებადამცველებთან თანამშრომლობა იქნება.
მისივე თქმით, შეიქმნება სასჯელაღსრულების სისტემა, რომელიც მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-გამოსწორებას და არა ღირსების შელახვას, დათრგუნვას და საზოგადოებაში ტრამვირებულ დაბრუნებას უნდა ემსახურებოდეს.
ტუღუში ცხადებს, რომ პრეზიდენტისგან სრულიად თავისუფლად მოქმედების და მასთან პირადი ურთიერთობის დაპირება მიიღო. მისივე თქმით, ხელისუფლება მას ყოველმხრივ ხელშეწყობას, მათ შორის, სისტემის დაფინანსების გაზრდას და დამატებითი რესურსების მოზიდვას შეპირდა.
ახალი მინისტრი აცხადებს, რომ ის პირადად იზრუნებს პატიმართა რაოდენობის კლებაზე.
ტუღუშის თქმით, ის მზადაა, შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით თავად შეიმუშავა და პარლამენტს გაუგზავნა.
