საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განმარტებით, პატიმრების წამების ამსახველი ფირების შესწავლის
შემდეგ, ისინი ორ კატეგორიად დაიყო.
როგორც ზოდელავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი კატეგორია არის კარანტინიდან პატიმრების განაწილების ფირი, სადაც მათ სასჯელაღსრულების დაწესებულების ბევრი თანამშრომელი შეურაცხყოფს.
მისი თქმით, ეს არის სისტემური ხასიათის დანაშაული, რისთვისაც უკვე დაკავებულები არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გლდანის მერვე საპყრობილის დირექტორი, მისი მოადგილე და სხვები.
ზოდელავა განმარტავს, რომ მეორე კატეგორიის ფირს, რომელზე ასახული დანაშაულიც ხორციელდებოდა ორი ან სამი პირის მეშვეობით, პირობითად, ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი უწოდეს.
„ეს დანაშაულებრივი ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით. ისინი ამ დანაშაულს ჩადიან იმ მიზნით, რომ შემდეგ, ფირზე ასახული კადრები მესამე პირებს გადასცენ. განსაკუთრებული სისასტიკე, როგორც ჩანს, მიმღები პირების დაკვეთა იყო“ - აღნიშნა მან.
ზოდელავას თქმით, გამოძიება ანგარების მიმართულებაზე ინტენსიურად მუშაობს. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ამ საქმიანობისთვის ბედუკაძის ჯგუფმა 2 მლნ. აშშ დოლარი უკვე მიიღო.
მისივე განმარტებით, გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ბედუკაძე-ფურცხვანიძის ჯგუფი მესამე პირებთან კონტაქტს მერვე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
ზოდელავა აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სხვა თანამშრომლების მიმართ გამოძიება გრძელდება და მათი დაკითხვა დღეს იგეგმება.
ამასთან, მისი თქმით, დაკავებულია გლდანის მერვე საპყრობილის არასრულწლოვანთა განყოფილების ინსპექტორი კობა ჩიკვატია.
