გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც აჟამად ძებნაში იმყოფება, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ პატიმართა ძალადობაზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ყალბს და ცრუ კადრებს უწოდებს.
ამის შესახებ ვლადიმერ ბედუკაძემ „ობიექტივის“ ეთერში „სკაიპის“ მეშვეობით ისაუბრა.
როგორც ბედუკაძემ აღნიშნა, გავრცელებული კადრები დადგმული სპექტაკლი იყო, რომელმაც ბოლო დღეებში მოვლენები დააჩქარა.
ბედუკაძის თქმით, ვიდეოკადრებში შერჩეული, „უფრო საინტერესო ადამიანები“ უნდა ასახულიყო.
„მაგალითად, სააკაშვილის იდეოლოგიური მტრები, რომლებმაც გაბედეს და სააკაშილის ხელისუფლებას შეეწინააღმდეგენ. ისინი სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ და მათზე უფრო მკაცრი ზომები უნდა გატარებულიყო, ვიდრე სხვა პატიმრების მიმართ“ - განაცხადა ბედუკაძემ და დასძინა, რომ იდეოლოგიურად დაპირისპირებულებში კანონიერი ქურდები და უფრო ხშირად პოლიტიკური პატიმრები იგულისხმებოდა.
მისი თქმით, ნებისმიერ თანამშრომელს საპყრობილეში ვიდეოკამერით სარგებლობის უფლება არ აქვს, რადგან კანონი ვიდეოგადაღებას კრძალავს.
ბედუკაძის თქმით, ის გადაღებას ღიად, ხელმძღვანელის დავალებით, წელიწადნახევრის განმავლობაში აწარმოებდა.
„ის ფაქტები, რაც მე დამიგროვდა, ფაქტიურად, დაწუნებული მასალაა. მათთვის ისინი ღირებულებას არ წარმოადგენდა და ყურადღება არ მიაქციეს. დანარჩენი მასალები, რომლებიც მათთვის უფრო ღირებულია, შს მინისტრის ბაჩო ახალაიას „სეიფშია“, თუმცა, დადგება დრო მათი გამოქვეყნების“ - აღნიშნა ბედუკაძემ და დასძინა, რომ იმ მასალებში წამების, მკვლელობების, სექსუალური ძალადობის და სხვა მრავალი ფაქტებია გადაღებული.
ბედუკაძე სასჯელაღსრულების სისტემაში 2001 წლიდან 6 სხვადასხვა დაწესებულებაში, 4 სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მე-8 საპყრობილეშიკი, გახსნის დღიდან მუშაობდა.
