გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 00:40 საათზე დატოვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, დამატებით მონიტორინგის მიზეზი გლდანის დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შესვლა გახდა, რამაც პატიმართა ახლობლებისა და ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების შეშფოთება გამოიწვია.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით დაწესებულებაში ქალაქის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბრალდებული მ.კ. გადმოიყვანეს, რომელიც პოლიციამ 2012 წლის 16 სექტემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები უშუალოდ შეხვდნენ ბრალდებულს და მისი დაკავების დოკუმენტაციას გაეცნენ.
„როგორც ბრალდებულმაც დაადასტურა, ის პოლიციამ 16 სექტემბერს დააკავა, რა დროსაც ფეხის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო. პატიმარი დაკავების შემდეგ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო დღეს ღამით, სასწრაფო დახმარების ავტომობილით ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს“ - აცხადებენ აპარატის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესვლის მიზეზი, სწორედ აღნიშნული პატიმრის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იყო.
