ორგანიზაცია Human Rights Watch-ში აცხადებენ, რომ ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს ტელევიზიით 2012 წლის 18 სექტემბერს გადაიცა, აღწერს
პატიმრებზე სექსუალურ და სხვა სახის ძალადობას ცნობილ ქართულ ციხეში, რაც სისხლის სამართლის გამოძიების მიზეზი უნდა გახდეს.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ორგანიზაცია Human Rights Watch გამოეხმაურა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს სწრაფი, ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, დააკავოსდამნაშავეები და მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისეთი კრიმინალური ხასიათის ქმედება, როგორიცაა სექსუალური ძალადობა სისხლის სამართლის დევნის საგანი უნდა გახდეს და არ უნდა შემოიფარგლოს უბრალოდ ადმინისტრაციული სანქციებით, განაცხადა Human Rights Watch-მა.
„ძალადობა, რომელიც ასახულია ამ ჩანაწერში ძალიან შემაშფოთებელია. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სრული პასუხისგება, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისგება ამ ძალადობისთვის და მიიღოს ზომები ამგვარი ფაქტების განმეორების აღსაკვეთად“ - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მკვლევარმა გიორგი გოგიამ.
ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კანონის მიხედვით ვალდებულია არამხოლოდ ეფექტურად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები, არამედ დააწესოს სისხლის სამართლის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისი ბრალეულობაც დადგენილია, გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლნი დაცულნი უნდა იყვნენ კანონით.
