მთავარი პროკურატურა - აკობია გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის
მთავარი პროკურატურა - აკობია გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის
21:04 19.09.2012
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ამის შესახებ აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, აკობიამ უკვე მისცა ჩვენება და გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

მოგვიანებით, პროკურატურის მიერ გავრცელებულ აკობიას აღიარებით ვიდეომასალაში ის ამბობს, რომ კარანტინის დაშლის კადრები მან გადაიღო გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის ბორის ფარულავას დავალებით.

აკობიას თქმით, ფარულავამ მას დაავალა, რომ ეს კადრები საპყრობილის ყოფილი მორიგე ინსპექტორისთვის, ბელგიაში მყოფი ვლადიმერ ბედუკაძისთვის უნდა მიეწოდებინა, რომელიც მასალაში სოლიდურ თანხას გადაიხდიდა.

როგორც აკობია აცხადებს, შეთანხმების მიხედვით, მას საქართველო 18-19 სექტემბერს უნდა დაეტოვებინა, გადასულიყო სომხეთში და იქედან უკრაინაში, სადაც ბედუკაძე შეხვდებოდა და დაპირებულ თანხას გადასცემდა.

საქართველოდან გასასვლელი თანხა - 400 აშშ დოლარი, აკობიას თქმით, მას ბორის ფარულავამ მისცა.

დავით აკობია დღეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, დავით აკობიამ მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით სარგებლობის სურვილი გამოთქვა.

ბეჭდვა