პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია თანამდებობის 10 პირი, ხოლო ერთი - იძებნება.
როგორც დღეს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, დაკავებულთა დიდი ნაწილი გლდანის მე-8 საპყრობილეს თანამშრომელია.
მისი თქმით, დაკავებულია - გაგა მკურნალიძე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ხუჭუა - გლდანის მე-8 საპყრობილეს დირექტორი, ვიქტორ ყაჭეიშვილი - საპყრობილეს დირექტორის მოადგილე, ლევან ფურცხვანიძე - საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, გიორგი კვარაცხელია - საპყრობილეს რეჟიმის უფროსი ინსპექტორი, ოლეგ ფაცაცია - რეჟიმის განყოფილების უფროსი, მანუჩარ ლომთაძე - საპყრობილეს კონტროლის ინსპექტორი, გელა ცომაია - საპყრობილეს ოპერატიული მორიგე, ლევან ფხალაძე - საპყრობილეს კონტროლიორი და ბორის ფარულავა - საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი.
ძებნაა გამოცხადებული ვლადიმერ ბედუკაძეზე, რომელიც საპყრობილის მორიგე ინსპექტორი იყო.
ყველა ამ პირს წაეყენა ბრალი წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით.
მთავარი პროკურორის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში მოქმდებდა რამდენიმე ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც პატიმართა უფლებებს არღვევდნენ და ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებსაც.
მისი თქმით, დადგინდა, რომ ლევან ფურცხვანიძე და ვლადიმერ ბედუკაძე სხვა პირებს ხელმძღვანელობდნენ.
„ისინი ფირზე აღბეჭდავდნენ საკუთარ და სხვა პირთა დანაშაულებრივ ქმედებებს და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ მესამე პირებს აწვდიდნენ ამ ფირებს. მესამე პირებისთვის ვიდეომასალის გადაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფდნენ თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი “ - განაცხადა ზოდელავამ.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დამნაშავე პირების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.
