„ახალგაზრდა ადვოკატების“ თქმით, პატიმრების ძალადობაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემდეგ უნდა დადგეს
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თქმით, პატიმრების ძალადობაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემდეგ უნდა დადგეს
10:47 19.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებში“ მიიჩნევენ, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით,  სამართლებრივ პასუხისმგებლობას წინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა უსწრებდეს.

როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ უნდა აიღოს, რომელმაც თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

მათი განცხადებით, შოკისმომგვრელი, უკიდურესად შეურაცხმყოფელი და სასტიკია მსჯავრდებულთა ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ის კონკრეტული ვიდეოკადრები, რომელიც საზოგადოებისთვის საჯარო გახდა.

„მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ერთობლიობას წარმოადგენს და მათზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციებით გათვალისწინებული მუხლებითაც უნდა დადგეს“ - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

მათი თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სოლიდარობის პროტესტს უერთდებიან, რომელიც პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო, უკიდურესად აღმაშფოთებელია.

ადვოკატების განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ უნდა აჩვენოს მსჯავრდებულთა ცემის შემზარავი კადრები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს, რათა ადეკვატურად შეაფასონ მომხდარი ძალადობა“ - განაცხადეს „ახალგაზრდა ადვოკატებში“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დადგინდა, რომ ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ვიდეომასალა გაავრცელა. მასალები გავრცელდა ასევე, ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც, სადაც პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული.

ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს. თანამდებობიდან გათავისუფლებულია ასევე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა.



ბეჭდვა