საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ მიერ
გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ასახულ ფაქტებში მონაწილე ყველა ბრალდებული პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გაატარებას სთხოვს.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია მაესტროს ეთერით, გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა ცემის ფაქტები, ვიდეოჩანაწერზე კი სავარაუდოდ, ასახულია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიღებისა და განაწილების პროცესი, რა დროსაც დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პატიმრებს.
ამასათანავე, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში საინფორმაციო გამოშვებაში „ახალი 9“ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ასევე გავრცელდა მორიგი ვიდეო ჩანაწერი, სადაც პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტებია ასახული. ჩანაწერში ნათლად ჩანს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს პატიმრის მიმართ უკანონო მოპყრობაში. აღნიშნული პირი სავარაუდოდ, არის ვინმე ოლეგი, რომელიც როგორც უფლებადამრღვევი, მოხსენიებულია სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
„გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის გამოირჩეოდა პატიმართა უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით. ჩვენ არაერთ ანგარიშში მივუთითებდით ამ დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა საგამოძიებო ორგანოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ, რაც მსგავსი დანაშაულის წახალისების სტიმულად იქცა“- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გავრცელებულ კადრებში მოცემული ფაქტები დამთრგუნველი და აღმაშფოთებელია და ადასტურებს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ კონკრეტული დანაშაულთა ჩადენას.
სახალხო დამცველი აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა თანხმობის (მათ შორის მდუმარე თანხმობის) გარეშე მსგავსი ქმედების ჩადენა შეუძლებელია, შესაბამისად, გამოძიებისას უნდა დადგეს დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც, მდუმარე თანხმობით ჩადენილი სამართალდარღვევის გამო.
„მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და დროულად გატარდეს ეფექტური ღონისძიებები ბრალდებულთა იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამავდროულად მივიჩნევ, რომ აუცილებელია გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა იმ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მუშაობდა #8 დაწესებულებაში და დღესაც აგრძელებს სასჯელაღსრულების სისტემაში საქმიანობას“- აცხადებს სახალხო დამცველი.
