კალმახელიძის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალმახელიძის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლდა
10:21 19.09.2012
სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ ხათუნა კალმახელიძემ ტელეკომპანია „რუსთვის 2“-ის ეთერში განაცხადა.

კალმახელიძის განცხადებით, სასჯელღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, შსს გამოძიებას რამდენიმე კვირაა აწარმოებს.

მისი თქმით, გამოძიებამ საკმაოდ შემზარავი სურათი აჩვენა, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია.

„პირველ რიგში შემაშფოთებელია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევებს ჰქონდა ადგილი. შემზარავია ასევე ისიც, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შეკვეთა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ ხდებოდა“- განაცხადა კალმახელიძემ.

მისივე თქმით, ის სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევებს არავითარ შემთხვევაში არ მოითმენს.

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ამოცანაა, რომ ყველა პირი, რომლებმაც ადამიანის უფლებები დაარღვიეს, შესაბამისად დაისაჯონ.

„რამდენიმე ხანია გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პირების მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა სიტუაციის შეკვეთას ჰქონდა ადგილი. ასევე, იყო მცდელობა არეულობის შეკვეთის და ა.შ“ - აღნიშნა კალმახელიძემ და დასძინა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებულ კადრებს გამოძიება შეისწავლის.

კალმახელიძის თქმით, გამოძიების შედეგად, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, რამდენიმე კი, ძებნაში იმყოფება.

მისივე განცხადებით, სამინისტროს ყველას მიმართ შესაბამისი რეაგირება ექნება. ამჟამად კი, სასჯელაღსრულების სისტემაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა აყვანილი და მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დადგინდა, რომ ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ვიდეომასალა გაავრცელა. მასალა გავრცელდა ასევე, ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც, სადაც პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული.

ამასთან, ხათუნა კალმახელიძემ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს.

ბეჭდვა