სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის #8 დაწესებულებაში მსჯავრდებული თამაზ თამაზაშვილი მოინახულეს
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის #8 დაწესებულებაში მსჯავრდებული თამაზ თამაზაშვილი მოინახულეს
10:17 19.09.2012
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მსჯავრდებული თამაზ თამაზაშვილი მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პატიმრის განცხადებით, გუშინ მასთან საკანში არავინ არ შესულა და მის მიმართ გავრცელებული ბრალდების არსის შესახებ, შუადღით რადიოს მეშვეობით შეიტყო.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ პატიმარი უარყოფს მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ან სხვა ძალადობრივ ქმედება. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს რეგულარულად მოინახულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს.

შსს-ს განცხადების თანახმად, შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილეს თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს“ - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად, თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა.

ბეჭდვა