საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადება გლდანის მე-8 საპყრობილესთან გააკეთა, სადაც უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქცია გაიმართა.
„დღეს ყველამ ერთად ვნახეთ, თუ რა საშინელი კადრები გაავრცელეს „იმედმა“, “რუსთავი 2“-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ეს ცილისმწამებლური და მკრეხელური კადრები იყო. ხელისუფლება ცდილობს, ყველა კრიმინალი, რაც ამ ციხეში ხდება, ჩემ სიმამრს დააბრალოს, რომელიც სააკაშვილის პირადი მძევალია“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, განყოფილების კონტროლიორი და განყოფილების ინსპექტორი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დადგინდა, რომ ისინი, მათი გავლენის ქვეშ მყოფ რამდენიმე პირთან ერთად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.
„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა. კადრები გავრცელდა ასევე, ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც, სადაც პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული.
