ხათუნა კალმახელიძე პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართვს
ხათუნა კალმახელიძე პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართვს
10:07 19.09.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

ამის შესახებ კალმახელიძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მომხდარმა იგი შეაძრწუნა.

„ჩემთვის უაღრესად შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს ჩემი გადადგომის თაობაზე მივმართე. ჩემი მინისტრობის პერიოდში მაქსიმალურად შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული და რომ სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, რადგან მსგავს ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რის გამოც მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი“- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კალმახელიძე მზადყოფნას გამოთქვამს, პასუხისმგებლობა აიღოს მომხდართან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს დაზარალებულთა გამო და იმედოვნებს, რომ ყველა დამნაშავე სრული სიმკაცრით დაისჯება.

„ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მინდა ავიღო ადამიანური და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პატიმრების უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოში, ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. შევეცადე შევსულიყავი პატიმრების და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობაში, რაზეც მეტყველებს ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამინისტროში და მე რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ვწუხვარ ყველა დაზარალებულის გამო და იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე სრული სიმკაცრით დაისჯება“- აცხადებს კალმახელიძე.

ბეჭდვა