ხათუნა კალმახელიძე - არავის მივცემთ საშუალებას, ხელი შეგვიშალოს პატიმართა უფლებების დაცვაში
ხათუნა კალმახელიძე - არავის მივცემთ საშუალებას, ხელი შეგვიშალოს პატიმართა უფლებების დაცვაში
18:34 18.09.2012
პატიმართა უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრიორიტეტია - ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა.

იგი მსჯავრდებულთა მიმართ დაკვეთილი ძალადობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიება ორი სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობდა.

მისი თქმით, მათი უმთავრესი მიზანი დამნაშავეთა იმ ჯგუფის გამოვლენა იყო, რომლებიც ციხეებში მსჯავრდებულთა არასათანადო მოპყრობით სისტემის დისკრედიტაციას ახდენდნენ.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ სისტემაში დღემდე მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც კორუფციული, დანაშაულებრივი გზებით ხელყოფდნენ მსჯავრდებულთა უფლებებს“ - განაცხადა კალმახელიძემ.

მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების სისტემაში წინა წლებთან შედარებით ვითარება სრულიად გაუმჯობესდა, თუმცა, გავრცელებული კადრები „შემზარავი“ იყო.

მინისტრის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ჰუმანიზმის პრინციპებზე აგებული სასჯელაღსრულების სიტემის შესაქმნელად.

„მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელნი ვიქნებით ყველა დანაშაულის მიმართ, რადგან პატიმართა უფლებების დაცვა არის ამ სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი და არავის მივცემთ იმის საშუალებას, ხელი შეგვიშალოს პატიმართა უფლებების დაცვაში“- აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ვინც გარედან ცდილობს ამ პროცესში ჩარევასა და პროვოცირებას, კანონის ფარგლებში მას საკადრისი პასუხი გაეცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს.

შსს-ს განცხადების თანახმად, შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს“ - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად, თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა.

ბეჭდვა