შსს - გლდანის ციხის დაკავებულ მაღალჩინოსნებს პატიმრებზე არაადამინური მოპყრობის ამსახველი ვიდეოს დამკვეთებისთვის გადაცემა თამაზ თამაზაშვილმა შესთავაზა
შსს - გლდანის ციხის დაკავებულ მაღალჩინოსნებს პატიმრებზე არაადამინური მოპყრობის ამსახველი ვიდეოს დამკვეთებისთვის გადაცემა თამაზ თამაზაშვილმა შესთავაზა
16:32 18.09.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გლდანის მე-8 საპყრობილედან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.

განცხადების თანახმად, შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს“ - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად, თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა.

განცხადების თანახმად, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი ამოიღეს. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა, სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედებაცაა ჩადენილი.

შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიების ამ ეტაპზე, გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა ბრალდებულად სცნეს და დააკავეს, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძეზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიება გრძელდება.

ბეჭდვა