სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველის დაჯარიმებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
ამის შესახებ სახელმწიოფო აუდიტის სამსახური განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ 13 პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა.
განცხადების თანახმად, ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი ერთი პირის შემოსავლები შეუსაბამო აღმოჩნდა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან. შესაბამისად, აღნიშნული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან ერთად, განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო მოსალოდნელი სანქციის ოდენობა 25 000 ლარს შეადგენს.
ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით მიმართავს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 5 სამუშაო დღის ვადაში შემომწირველისთვის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.
