სახალხო დამცველი საჯარო და სასულიერო პირებს, ასევე საზოგადოების რიგით წევრებს მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და 13 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ის რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას სასულიერო პირებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 13 სექტემბერს ელისო ჯანაშია და იზა სალაყაია ფოთში მშენებარე ტაძრის ეზოში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი აწარმოებდნენ ვიდეო გადაღებას და ხობისა და ფოთის მთავარეპისკოპოს გრიგოლისა და მისი თანმხლები სასულიერო პირებისგან გარკვეული სახის ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ.
სახალხო დამცველის განცხადებაში ასახულია ელისო ჯანაშიას განმარტება, რომლის თანახმადაც მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სასულიერო პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე დაუზიანეს აპარატურა.
სახალხო დამცველის ცნობით, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალით დასტურდება, რომ ჟურნალისტებს არ მიეცათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.
„სამწუხაროა, რომ 2012 წლის განმავლობაში ჟურნალისტთა როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის, ისე მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გმობს ჟურნალისტთა საქმიანობის ხელის შეშლის კონკრეტულ ფაქტს და მოუწოდებს საჯარო (მათ შორის სასულიერო) პირებსა და საზოგადოების რიგით წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევას გამოიწვევს“ - ნათქვამია განცხადებაში.
