საქართველოს სახალხო დამცველი პრემიერ-მინისტრს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სოციალური დახმარებების სისტემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების გადახედვის რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ნორმები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ საარსებო შემწეობის შენარჩუნების მიზნით, გენდერული ძალადობის არსებული ფაქტების დამალვის ტენდენციის თავიდან აცილების მიზნით უნდა გადაიხედოს.
„შემუშავდეს ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და არასამთავრობო სექტორში არსებულ თავშესაფრებს შორის, რათა მსხვერპლის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის ღონისძიებები მისი და მისი შვილების სოციალური დაცვის ღონისძიებებთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს “ - აცხადებს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველს მოქალაქე ხ.ჩ.-რ.–მ მიმართა, რომელიც ფიზიკური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობისგან დაცვის მიზნით დახმარებას ითხოვდა.
სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ ხ.ჩ.-რ.–სა და მისი შვილის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში რეფერირების კუთხით არაერთი მცდელობა იყო, თუმცა, ხ.ჩ.-რ.–მ აღნიშნულ შესაძლებლობაზე უარი თქვა, რისი მიზეზიც, ფინანსური დახმარების ძირითადი წყაროს – საარსებო შემწეობის დაკარგვის საფრთხე აღმოჩნდა.
სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალთა უფლებების ცენტრის მიერ აღნიშნული პრობლემის სისტემური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფაქტორი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან თავშესაფარში გადასვლაზე უარის თქმის საფუძველი ხშირად ხდება, რაც თავის მხრივ მათ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
