პროკურატურა განზრახ მკვლელობის და ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა განზრახ მკვლელობის და ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულისთვის  პატიმრობას ითხოვს
16:04 16.11.2020
პროკურატურა განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ნ.ნ.-სთვის, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ა.უ.- სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ნ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მ.მ.-ს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნ.ნ.-მ ასევე განზრახ მოკვლის მიზნით ლ.შ.-ს ყელის არეში მიაყენა ჭრილობები. ბრალდებულმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ლ.შ.-მ გაქცევა მოახერხა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ნ.-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ იცოდა ა.უ.-მ, თუმცა არ შეატყობინა სამართალდამცველებს.

ნ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით), ხოლო ა.უ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ბეჭდვა