ნანა კაკაბაძე - დღევანდელთან შედარებით, 80-იან წლებში ქართულ ციხეებში სამოთხე იყო
ნანა კაკაბაძე - დღევანდელთან შედარებით, 80-იან წლებში ქართულ ციხეებში სამოთხე იყო
19:38 14.09.2012
საქართველოში 2003 წლიდან დღემდე, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, საზოგადოოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს თეატრალიზებული პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ რევოლუციის შემდეგ ციხეებში ისეთი მდგომარეობაა, რასაც არავინ ელოდა, მათ შორის არც ის სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოში რევოლუციას უჭერდნენ მხარს.

კაკაბაძის თქმით, რევოლუციამდე 6 000 პატიმარი იყო საქართველოში, ხოლო რევოლუციის შემდეგ ოფიციალური მონაცემებით, ეს რიცხვი 26 ათასს აღწევს, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, 30 ათასს აჭარბებს.

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, საქართველოში 100 ათას მოსახლეზე პატიმართა რაოდენობა 550-მდეა.

„საქართველო პირველ ადგილზეა პატიმართა სიკვდილიანობის თვალსაზრისითაც და ქვეყანამ ასევე მოხსნა პოლიტპატიმართა რაოდენობის კუთხით სამწუხარო რეკორდი“ - განაცხადა კაკაბაძემ.

მისი თქმით, პოლიტპატიმართა რაოდენობით საქართველომ რუსეთს გაასწრო და ქვეყნაში ამ კატეგორიის პატიმართა რაოდენობა 150-ს აღწევს.

კაკაბაძემ პატიმრებთან ციხეების ადმინისტრაციების დამოკიდებულება გასული საუკუნის 80-იანი წლების მდგომარეობას შეადარა, როდესაც ის როგორც პოლიტპატიმარი, ციხეში თავად იჯდა და განაცხადა, რომ კომუნისტური მმართველობის დროს, დღევანდელთან შედარებით, ციხეებში სამოთხე იყო.


ბეჭდვა