სასჯელაღსრულების სამინისტრო ომბუდსმენის აპარატის განსაკუთრებულ ყურადღებას მიესალმება
სასჯელაღსრულების სამინისტრო ომბუდსმენის აპარატის განსაკუთრებულ ყურადღებას მიესალმება
16:12 14.09.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიესალმება სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ,  ომბუდსმენის აპარატის განსაკუთრებულ ყურადღებას და აცხადებს, რომ ასეთი მიდგომა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმების არსებობის დადასტურებაა.

როგორც სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისევე როგორც სახალხო დამცველის ნებისმიერი რეკომენდაცია, სამინისტროსთვის ასევე, საგულისხმოა ქუთაისის №2 საპატიმრო და თავისუფლების აღკვეთის და გეგუთის №14 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან დაკავშირებით, ომბუდსმენის პრევენციული ჯგუფის გეგმიური მონიტორინგის ანგარიში.

„ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მიზნით, ანგარიშს დაუყოვნებლივ დეტალურად შევისწავლით. გადამოწმდება ასახული გარემოებები და შესაბამისად, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სამინისტრო აცნობიერებს, რომ პენიტენციურ სისტემაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და დაწყებული რეფორმების წარმატებით დასასრულებლად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის ჩამოსაყალიბებლად სამინისტრო მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს.

სახალხო დამცველის პრევენციულმა ჯგუფმა ქუთაისის #2 და გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გეგმური მონიტორინგი განახორციელა. როგორც „ნიუსპრესს“ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, მონიტორინგის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ქუთაისის #2 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა უფლებები რეგულარულად ირღვევა და ადგილი აქვს პატიმართა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უამრავ შემთხვევას.

ბეჭდვა